პროკურატურამ ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე წარუდგინა ბრალდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა დავით ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიჭრა ბანკში.

„საქართველოს პროკურატურამ ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 სექტემბერს, 11:15 საათზე, სამხედრო უნიფორმით, ნიღბით და ხელთათმანებით შემოსილი პირი შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვისცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების დაშინების მიზნით იარაღი გაისროლა, რის შემდეგაც შენობაში მყოფ მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მისი მითითებების შესრულება მოსთხოვა.

თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე პირმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 პირი ბრალდებულმა ტერორისტული მიზნით მძევლად აიყვანა. მან ხელყუმბარის და იარაღის დემონსტრირებით მუქარა განაგრძო, პარალელურად კი, ბანკის ცენტრალურ კარებზე იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამაგრა, რომლის მსგავსი ნივთიც ასევე მოთავსებული ჰქონდა სხეულზე და ბანკის თანამშრომლებისგან თანხის გადაცემა მოითხოვა.

ბრალდებულმა მძევლები ძალადობის მუქარით, ბანკის სერვისცენტრის ერთ სივრცეში შეკრიბა და მოთხოვა დაკავშირებოდნენ პოლიციას, ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სოციალური ქსელის გამოყენებით ჩაერთოთ პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებას ბანკზე თავდასხმის შესახებ შეეტყო.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ, თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 000 000 აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი. მოთხოვნების შეუსრულებლობის და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.

რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის ჩართულობით ბანკის შენობიდან ხუთი მძევლის გამოყვანა მოხერხდა, ხოლო 19:36 საათზე, სამართალდამცავებმა გაწეული წინააღმდეგობის მიუხედევად, თავდამსხმელი ბანკის სერვისცენტრში დააკავეს, რის შემდეგაც ყველა მძევალი წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად უვნებლად გაათავისუფლეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ‘’საქართველოს ბანკზე’’ ტერორისტული თავდასხმის დროს მიმდინარე სპეცოპერაციის მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებისთვის, რომელიც წარმატებით და მსხვერპლის გარეშე დასრულდა”, - განცახადა ჩხარტიშვილმა.

უახლესი
ერდოღანი
"ბირთვულ ომში შესვლა კატასტროფული იქნება, ამაზე არც უნდა ვიფიქროთ" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბირთვულ ომში შესვლა "კატასტროფული" იქნება."ამაზე არც კი უნდა ვიფიქროთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ხმაზე. ამ საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება", - აღნიშნა ერდოღანმა.უმაღლესი ოფიციალური პირები გმობენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლო კომენტარებს, რომლის მიხედვითაც მოსკოვს აქვს „სხვადასხვა განადგურების იარაღი“ და მზად არის გამოიყენოს „ყველა საშუალება“ თავის დასაცავად.ვაშინგტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ომი "არ შეიძლება მოიგოს" და, შესაბამისად, "არასოდეს უნდა იბრძოლოს".

მსოფლიო 1664440245

თამარ ჩერგოლეიშვილი
"მიშიზმი – ვენერიული დაავადება" - თამარ ჩერგოლეიშვილი

ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ აქციის ვიდეოს ქვეშ განთავსებული კომენტარების ავტორებს პასუხობს და ამბობს, რომ კომენტარების ავტორები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარადამჭერები არიან.„მიშიზმი – ვენერიული დაავადება.„ევროპული საქართველოს“ აქციის ვიდეოზე შემოლაგებულან, ხალხს წყევლიან და მარტო „ნაცმოძრაობა“ დაიბრუნებს ტერიტორიებსო. ასეთი უმსგავსობის სულისჩამდგმელ საზიზღარს საქმე კარგად არასოდეს წაუვა და ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება.P.S. აი ამ მანქურთებს ეთვალთმაქცება პატარა ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი ლიდერი.ამ მოპარპაშე საძაგლობას თავს უქონავს, რომ ეგებ ამ მანქურთებმა ხმა მისცენ. როგორ შეიძლება მაგ საცოდავებმა რამეში გაიმარჯვონ?“ - წერს ჩერგოლეიშვილი.ცნობისათვის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ გვერდზე განთავსებული „ევროპული საქართველოს“ აქციის ამსახველი ვიდეო კრიტიკის ობიექტი გახდა. ფეისბუქმომხმარებლები „ევროპულ საქართველოს“ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შეუძლებელია.

პოლიტიკა 1664440127

დავით კეზერაშვილი
"არავისთვის მომიხვევია თავს არც მეგობრობა, არც პარტნიორობა" - დავით კეზერაშვილი

სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება მისი პიროვნების გარშემო არსებულ ხმაურსა და დაპირისპირებას  საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.კეზერაშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციების დიდი ნაწილი სიცრუეა და სინამდვილეში ქართული პოლიტიკა მისი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს.„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში, ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, როგორც ჩვენ ქვეყანაში, ასევე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და საზოგადოებამდე ჩემი სათქმელი მივიტანო.დღეს მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლისკენ. ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებას, მათ შორის საქართველოს თავისუფლებას იცავენ. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მათ. დღეს ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, უკრაინელებმა იგრძნონ, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორ იქცევა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ქართველი ხალხი მათ გვერდითაა. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჩემ მოვალეობად მიმაჩნია სწორედ ამიტომ ჩემი და ჩემი მეგობრების დროისა და ძალისხმევის დიდი ნაწილი, ბუნებრივია, აქეთაა მიმართული.შესაძლოა ამან კიდევ დამატებითი მიზეზი გაუჩინა საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას, თავიდან და ახალი შემართებით აწარმოონ ჩემი დისკრედიტაციის კამპანია. ეს კამპანია არ მიკვირს და სიახლეს არ წარმოადგენს. უკვე მრავალი წელია, სახელისუფლებო მედია, რუსული პროპაგანდის სტილში, არ ერიდება ჩემ მიმართ ტყუილსა და ცილისწამებას. გულდასაწყვეტი სიახლე ისაა, რომ ამდაგვარ კამპანიაში ცალკეული ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთნენ,“- წერს დავით კეზერაშვილი.მისი თქმით, მიუხედავად ცილისწამებების სერიისა, არ აპირებს კამათში შესვლას და საკუთარი სიმართლის მტკიცებას, თუმცა აგრძელებს ბრძოლას საქართველოს გამარჯვებისათვის, მათ შორის მეგობრების - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის, კერძოდ ტელეკომპანია „ფორმულას“ ინტერესების დასაცავად.„ჩემი გააზრებული არჩევანია, არ შევიდე ამ გაუგებარ კინკლაობაში. ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი ხმაურის და ბრალდებების მიუხედავად, არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი - ამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლება - ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი. ქვეყნის ბედით დაინტერესებულ ძალებს დღეს ნამდვილად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, ვიდრე ეს ვიწროპარტიული გარჩევები.ჩემი ღრმა რწმენით, დღეს წყდება - საქართველო იქნება დამოუკიდებელი, სამართლებრივი, ევროპული სახელმწიფო, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი გუბერნია. ამ ვითარებაში, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება პირადი მიზნების, ემოციების, განწყობების მიხედვით იმოქმედოს. ყველა ვალდებული ვართ დავინახოთ დიდი სურათი და ქვეყნის ინტერესებისთვის ვიმოქმედოთ - დროულად და ეფექტურად.დღეს ოპოზიციურ სპექტრში არეულობის შეტანა,დამატებითი დაძაბულობის კერების გაჩენა, გამოგონილი მტრების წინააღმდეგ ბრძოლა უპასუხისმგებლობაა და ჩვენს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ეს გააძლიერებს ივანიშვილს, რუსულ გავლენებს და გაახანგრძლივებს სახელმწიფოს მიტაცების პროცესს.მე არასდროს არავისთვის მომიხვევია თავს არც მეგობრობა, არც პარტნიორობა. ერთადერთი, რასაც ვთვლიდი და ვთვლი ჩემ მოვალეობად, გვერდში დავუდგე ყველას, ვინც საქართველოს დამაზიანებელი პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადაა. გვერდში დავუდგე მხოლოდ მათი სურვილისა და პარტნიორობისთვის მზადყოფნის შემთხვევაში.მკაფიოდ ვამბობ - მე არასოდეს ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არა მაქვს. ამასთან, ბუნებრივია ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე.ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც ესმის მომენტის მნიშვნელობა, წარმატებას ვუსურვებ ბრძოლის იმ გზაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას - დეოლიგარქიზაცია, საქართველოს - დასავლურ ორბიტაზე დაბრუნება, ქართველ ხალხს კი - კეთილდღეობა და ცხოვრების უკეთესი პირობები უნდა მოუტანოს.მტერმაც და მოყვარემაც მინდა იცოდეს, რომ არ გამაჩნია არანაირი პირადი ან პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში. ამასთანავე, არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო ჩემი მეგობრების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას. ისინი რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები არიან და რაც ჩემ ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ მათი გათავისუფლებისათვის. ასევე არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას, მის აქტიურობას. რა თქმა უნდა ვაგრძელებ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას - მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, რომელსაც ხელისუფლება ეწევა ტელეკომპანია ფორმულასა და ზოგადად კრიტიკული ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ, უკან არ დავიხევთ.ტელეკომპანია ფორმულა თავისი არაჩვეულებრივი გუნდით, სრული სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობებში, უპირობოდ იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ცილისწამება და თავდასხმები შედეგს ვერ გამოიღებს - ბრძოლა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის მუდმივი პროცესია და სანამ ამ ბრძოლაში ერთი აგურის დადება შემეძლება, ამას ყოველთვის გავაკეთებ!“ - წერს დავით კეზერაშვილი.ცნობისათვის, კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2006-2008 წლებში იკავებდა, შემდეგ კი საქართველო დატოვა. 2019 წლიდან ის ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის მფლობელია.

პოლიტიკა 1664439860

ლიეტუვის ელჩი
"ვაკვირდებით საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა შემოსვლას, დარწმუნებულნი ვართ, მთავრობა კარგად აფასებს ვითარებას და რისკს"- ლიეტუვის ელჩი

საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას ეხმიანება და აცხადებს რომ ქვეყანა ამ პროცესს აკვირდება. ელჩის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ხელისუფლება კარგად აფასებს არსებულ ვითარებასა და რისკებს.„რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ჩვენ ყველამ ვიხილეთ ხალხისა და სატვირთოების გრძელი რიგები ყველგან, ევროპაში. ახლა რაც ხდება, ეს რუსეთის ბრალია. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და ამავდროულად დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა კარგად ფუნქციონირებს, კარგად აფასებს ამ ვითარებას, როგორ გაუმკლავდნენ ყველა შესაძლო რისკს.მინდა, შეგახსენოთ, რომ ლიეტუვამ უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე, 10 მარტისთვის შეაჩერა ვიზების გაცემა რუსეთისა და ბელარუსის პასპორტის მფლობელთათვის. ახლა ასევე ვზღუდავთ რუსების შესვლას ლიეტუვაში. ეს ჩვენი აღქმა და გზაა, რადგან სამწუხაროდ, ნებისმიერ ინვესტიციას რუსეთთან, იქნება ეს კულტურული, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კავშირები, ღირებულება აღარ გააჩნია“, – განაცხადა ელჩმა.რუსეთის ფედერაციიდან შემოსული და საქართველოდან რუსეთში გასული მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებით შსს-მ 27 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია.

პოლიტიკა 1664439780

28/09/2022
"აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაიშლება, ამას ვერანაირი სანქციები ვერ გააკეთებს" - ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ პრესრელიზი გამოაქვეყნა

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოფიციალურ საიტზე ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ პრესრელიზი გამოჩნდა.პრესრელიზში წერია, რომ ლუკაშენკო აფხაზეთის მიწაზე იმყოფებოდა და ასლან ბჟანიასთან ეკონომიკური პროექტები  და ბელარუსისა და აფხაზეთის თანამშრომლობის პერსპექტიული საკითხები განიხილა.პრესრელიზში ასლან ბჟანიას თანამდებობა მითითებული არ არის."28 სექტემბერს ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიული ადგილები მოინახულა.შეხვედრა გაიმართა აფხაზურ მიწაზეც. ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა ასლან ბჟანიასთან ერთად ბელარუსსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ერთი დღით ადრე მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განიხილა აფხაზეთის პრობლემები.„ამ საკითხებზე ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ, ის ჩემზე მეტად არის ჩაფლული აფხაზეთის პრობლემებსა და საქმეებში, ამაზე დიდხანს არ ვისაუბრებ, მაგრამ ერთ დასკვნამდე მივედით: აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაიშლება, ამას ვერანაირი სანქციები ვერ გააკეთებს. აფხაზეთი, როგორც ის ამბობს, არ უნდა მივატოვოთ, მას უნდა აფხაზეთს დაეხმაროს, რათა ეს აყვავებული მიწა და აქ მცხოვრები ხალხი ნორმალურად ცხოვრობდეს", - განაცხადა ბელორუსის ლიდერმა. მისი თქმით, ურთიერთობების საფუძველი უნდა გახდეს ეკონომიკა, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები. „ჩვენ მოვედით სიკეთით. და თუ რამეში დაგეხმარებით, მეტიც, ეს იქნება ორმხრივად მოგებიანი თანამშრომლობა, ამას გავაკეთებთ. ბევრ რამეზე ვისაუბრებთ. როგორც იცით, უკვე გამოცდილი ადამიანი ვარ  პოლიტიკაში და სხვა სფეროებში. მოდით ვისაუბროთ "მოდით ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ. მთავარია, რომ ადამიანებმა ღირსეულად იცხოვრონ აქ. იმიტომ, რომ სამოთხის ეს ნაწილი ჩვენს დედამიწაზე იმსახურებს ამას. და აქ ხალხი წმინდანები არიან.  ამიტომ, ჩვენ გვინდა დავამყაროთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები", - ხაზგასმით აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ." - წერია პრესრელიზში.შეგახსენებთ, ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელორუსის ელჩი, ხოლო საელჩოსთან პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პუტინისა და ლუკაშენკოს პორტრეტები დაწვეს.ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი დაგმო აშშ-მ და ევროკავშირმა.

კონფლიქტი 1664439780

მიხეილ სარჯველაძე
"საქართველოს დამოკიდებულება იქნება უკომპრომისო და ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივუდგებით შემწყნარებლურად" - მიხეილ სარჯველაძე ლუკაშენკოს "ვიზიტზე" 

"საქართველოს დამოკიდებულება იქნება უკომპრომისო და ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივუდგებით შემწყნარებლურად," - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე თქმით, ეს ის პროცესია, სადაც ვერც ერთ შემთხვევაში, საქართველო პრინციპული პოზიციიდან უკან ვერ დაიხევს."საქართველოს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, იქნება უკომპრომისო და ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივუდგებით შემწყნარებლურად. კონკრეტულად რა ნაბიჯი რის შემდეგ იქნება, რა თქმა უნდა, წინასწარ თქმა გამიჭირდება, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ის პროცესი, სადაც ვერც ერთ შემთხვევაში, ამ პრინციპული პოზიციიდან საქართველო უკან ვერ დაიხევს და რასაკვირველია, ვერავის მივცემთ საშუალებას უკან დაიხიოს სხვამაც, როდესაც საკითხი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება", - განაცხადა სარჯველაძემ.როგორც მან აღნიშნა, მას არ ჰგონია საქმე ლუკაშენკოს მხრიდან აფხაზეთის აღიარებამდე მივიდეს."ნებისმიერი მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე აბსოლუტურად მიუღებელია,"- განაცხადა სარჯველაძემ.ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ "მეგობრობის ხიდის" აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

პოლიტიკა 1664439242